2 დეკემბერს კათოლიკე ეკელსიაში ილარიონ ქართველის მოხსენიების დღეა



2 დეკემბერს, კათოლიკე ეკელსიაში ქართველი წმინდანის, ილარიონ ქართველის მოხსენიების დღეა.


იგი 822 წელს კახელი აზნაურის ოჯახში დაიბადა. 6 წლის ასაკში სასწავლებლად ბერს მიაბარეს.


ილარიონი განსაკუთრებული ნიჭიერებით გამოირჩეოდა. როცა მამამისმა იხილა შვილის გულმოდგინება და ღვთის სიყვარული, იქვე სოფელში ააშენა მონასტერი, სადაც მალე 16-მა ბერმა მოიყარა თავი.


14 წლის ილარიონმა გადაწყვიტა მამის ზედმეტ ყურადღებას განრიდებოდა, დატოვა მონასტერი და გარეჯის უდაბნოში, პატარა გამოქვაბულში დაეყუდა. მალე მთელმა ქართლ-კახეთმა გაიგო მისი თავმდაბლობისა და დაუცხრომელი ლოცვის შესახებ და ლოცვა–კურთხევისა და რჩევა-დარიგების მისაღებად უამრავი ხალხი მიდიოდა. რუსთაველი ეპისკოპოსის თხოვნით, თავისი ნების წინააღმდეგ, ილარიონი მღვდლად აკურთხეს. მალე იგი იერუსალიმს გაემგზავარა წმინდა ადგილების მოსალოცად.

გადმოცემის მიხედვით, გზაში ღირს ილარიონს ავაზაკები დაესხნენ თავს და მახვილები იშიშვლეს მის მოსაკვდინებლად. მოულოდნელად მათ ხელები გაუშეშდათ. შეშინებული და გაოცებული ავაზაკები მიხვდნენ, რომ ღვთის სასჯელი დაატყდათ თავს, ფეხებში ჩაუვარდნენ წმიდანს და შენდობა სთხოვეს.


წმიდა მამამ ჯვარი გადასახა ავაზაკებს, განკურნა და მშვიდობით განუტევა. განკურნებულებმა კვლავ შენდობა ითხოვეს ღირსი მამისგან, ერთმა მათგანმა კი თაბორის მთამდე გააცილა წმიდანი.


იერუსალიმის მოლოცვის შემდეგ ილარიონ ქართველი იორდანეს უდაბნოში ერთ გამოქვაბულში დაეყუდა. სამშობლოში დაბრუნებულს მამა და ძმები გარდაცვლილები დახვდა. დედამ მთელი საგანძური გადასცა და უთხრა, ისე განეგო, როგორც სათანადოდ მიიჩნევდა – ნაწილი ეკლესია–მონსატრების მშენებლობას მოახმარა, ნაწილი გლახაკებს დაურიგა.

ილარიონ ქართველს დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოში სამონასტრო ცხოვრებისა და მშენებლობის განვითარებაში, მისი ქტიტორული მოღვაწეობა დაკავშირებულია კახეთის სამ ძეგლთან – ფერისცვალების ეკლესია დავითგარეჯის ლავრაში, ე. წ. ილარიონ ქართველის ფილიალი იმავე ლავრაში და აკურის მამადავითის დედათა მონასტერი.

ილარიონ ქართველმა ცხოვრების უდიდესი ნაწილი საზღვარგარეთ გაატარა.


კონსტანტინოპოლში ორ ძმასთან ერთად გაემგზავრა. ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ ულუმბოს მთას (მცირე აზია) მიაღწიეს. წმიდა ილარიონმა 5 წელი იღვაწა ულუმბოს მთაზე, შემდეგ კი წმიდა ადგილების მოსალოცად კონსტანტინოპოლს გაემგზავრა, აქედან რომში გაეშურა წმიდა პეტრე და პავლე მოციქულების საფლავების თაყვანსაცემად.

რომში ორი წლი იცხოვრა და კონსტანტინოპოლში დაბრუნდა. გზად თესალონიკეში გაიარა და თაყვანისცა წმიდა დიმიტრი თესალონიკელის საფლავს.


თესალონიკელებმა წმინდანს სთხოვეს მათთან დარჩენილიყო სამოღვაწეოდ და სადაც ისურვებდა იქ აუშენებდნენ მონასტერს. წმიდა ილარიონმა ცხოვრების დანარჩენი ნაწილი თესალონიკეში გაატარა. გარდაიცვალა 875 წელს, დაკრძალულია ჰრომანის (რომანა–წმიდას) ქართველთა მონასტერში.


წმ. ილარიონ ქართველის მოღვაწეობა სქიზმამდელ პერიოდს მოიცავს, შესაბამისად, იგი წმინდანად არის აღიარებული, როგორც მართლმადიდებელ, ასევე კათოლიკე ეკელსიაში.



წმ. ილარიონ ქართველი (XVIII საუკუნის მინიატურა უბისიდან)


  • Sabamedia - საბამედია
  • YouTube - კანალი
  • Instagram
  • კათოლიკური ეკლესია
Время_1.png

გამოიწერეთ ახალი ჟურნალი "საბა"

  • sabamedia

© 2021 Sabamedia / საბამედია