უფლის გაცხადების დღესასწაული - 'ეპიფანია'


6 იანვარს, დასავლეთის ქრისტიანული ეკლესიები უფლის გაცხადების დღესასწაულს აღნიშნავენ. ამ დღესასწაულს ასევე „ეპიფანიასაც“ ეძახიან.


მისი ერთ-ერთი გავრცელებული სახელწოდებაა სამი მოგვის ან სამი მეფის დღესასწაული.


ეს დღესასწაული ეკლესიაში მესამე საუკუნიდან აღინიშნება და იგი უკავშირდება მათეს სახარების მონათხრობს სამ მოგვზე, რომლებიც აღმოსავლეთიდან მოვიდნენ და იესოს ოქრო, გუნდრუკი და მური მიართვეს.


ოქრო - როგორც მეფეს, გუნდრუკი - როგორც ღმერთს და მური, როგორც ადამიანს.


ამ დღეს, პირველი ქრისტიანები ასევე ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავდნენ. IV საუკუნეში შობის დღესასწაულის აღნიშნვა 25 დეკემბერს გადაწყდა, ხოლო უფლის გაცხადების დღესასწაული 6 იანვარს დარჩა.


ეს დღესასწაული ასრულებს ლიტურგიულ ჟამს და საშობაო დღესასწაულებს. ამ დღეს, კათოლიკეებს ევალებათ წმიდა წირვაზე დასწრება და იმ სამუშაოსგან თავის შეკავება, რაც ხელს უშლის უფლის მიმართ პატივისცემის გამოხატვას ან სიხარულის განცდას.


ამ დღეს, ეკლესიებში იკურთხება ცარცი და გუნდრუკი, შემდგომ კი ისინი მორწმუნეებს სახლში მიაქვთ. ცარცით სახლის კარზე აწერენ სამ ასოს: კ+მ+ბ და მიმდინარე წელს. ამ ასოებს სხვადასხვა ინტერპრეტაცია აქვთ:

ერთი ვერსიით, ეს არის სამი მოგვის სახელების პირველი ასოები: კასპარი, მელხიორი და ბალთაზარი. სხვა ვერსიის მიხედვით, კ+მ+ბ იშიფრება ასე - Christus Mansionem Benedicat - დაე, ქრისტემ აკურთხოს ეს სახლი.


ეს წესი დაკავშირებულია გამოსვლის წიგნთან ძველ აღთქმაში, სადაც ებრაელები სახლის კარებს აღნიშნავდნენ საპასექო კრავის სისხლით (გამ. 11. 1-13,16). ქრისტიანები ამ ხერხით ქრისტეს სთხოვენ თავიანთი სახლების კურთხევას და ასევე საჯაროდ აღიარებენ თავიანთ რწმენას.


სხვადასხვა ქვეყანაში ამ დღესასწაულზე სხვადასხვა ტრადიციებია. მაგალითად, პოლონეთში მოგვები დადიან ოჯახებში და ულოცავენ ამ დღეს სახლის პატრონებს სამი მოგვის საგალობლით, სახლის პატრონები კი მათ საჩუქარს აძლევენ.


საფრანგეთში ამ დღეს აცხობენ ე.წ მოგვების ნამცხვარს და ოჯახის წევრები მიირთმევენ.

ესპანეთში კი, არც შობას და არც წმინდა ნიკოლოზის დღესასწაულზე არ აძლევენ ბავშვებს იმდენ საჩუქრებს, როგორც ამას 6 იანვარს აკეთებენ.


იტალიაში, ლეგენდის თანახმად, ჯადოქარი თავისი ცოცხით მოფრინდება, ბუხრიდან ჩამოვა და ბავშვებს, რომლებიც კარგად იქცეოდნენ, ტკბილეულს მისცემს, ხოლო ვინც ცუდად იქცეოდა „შავ ნახშირს“. ეს „შავი ნახშირიც“ ასევე შაქრით მზადდება და ტკბილეულია, თუმცა ვიზუალურად ნახშირის ეფექტი აქვს.


მოამზადა შოთა გიქოშვილმა

  • Sabamedia - საბამედია
  • YouTube - კანალი
  • Instagram
  • კათოლიკური ეკლესია
Время_1.png

გამოიწერეთ ახალი ჟურნალი "საბა"

  • sabamedia

© 2021 Sabamedia / საბამედია