პაპის გზავნილი მსოფლიო მშვიდობის დღეზე



მსოფლიო მშვიდობის დღე


წმინდა მამის, ფრანცისკეს გზავნილი, მშვიდობის მსოფლიო დღის აღსანიშნავად.

1 იანვარი, 2021 წ.


1. ზრუნვის კულტურა – მშვიდობის გზა


ახალი წლის ზღურბლზე, მსურს უდიდესი პატივისცემით მივესალმო სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, რელიგიურ ლიდერებსა და სხვადასხვა რელიგიების მორწმუნეებს, კეთილი ნების ყველა ადამიანს. ყველას ვუსურვებ ყოველივე საუკეთესოს, რათა დამდეგ წელს კაცობრიობამ წინ წაიწიოს ადამიანებს, თემებს, ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის ძმობის, სამართლიანობისა და მშვიდობის გზაზე.


2020 წელი აღინიშნა Covid-19-ის დიდი პანდემიური გამოწვევით, რომელიც მრავალდარგობრივ და გლობალურ მოვლენად იქცა, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა სხვადასხვა სფეროების მჭიდროდ ურთიერთდაკავშირებული კრიზისები, როგორიცაა კლიმატური ცვლილებები, საკვების ხელმისაწვდომობა, ეკონომიკური და მიგრაციული არეულობანი. ამ ყოველივემ კი ტანჯვა-ვაება მოუტანა კაცობრიობას.


პირველ რიგში, გული მტკივა მათზე, ვინც ოჯახის წევრი ან საყვარელი ადამიანი დაკარგა; ვფიქრობ უმუშევრად დარჩენილებზეც. განსაკუთრებული გრძნობით ვიხსენებ ექიმებს, ექთნებს, ფარმაცევტებს, მკვლევარებს, მოხალისეებს, კაპელანებს, საავადმყოფოებისა და სამედიცინო ცენტრების თანამშრომლებს, რომლებმაც თავი არ დაზოგეს და დღესაც დიდი ძალისხმევით და თავგანწირვით იღვწიან. ზოგი მათგანი გამუდმებით თავს ადგა და ტანჯვას უმსუბუქებდა ავადმყოფებს და მათი სიცოცხლის გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლეც კი გასწირა.


უდიდეს პატივისცემას გამოვხატავ მათ მიმართ და მოვუწოდებ გავლენიან პოლიტიკოსებსა და კერძო სექტორს მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები და სათანადო ტექნოლოგიები საზოგადოების ყველაზე ღარიბი და მოწყვლადი ფენებისთვისაც ხელმისაწვდომი გახადონ.


გულისტკივილით უნდა აღვნიშნო, რომ სიყვარულისა და სოლიდარობის უამრავი გამოვლინების გვერდით ძალას იკრებს ნაციონალიზმის, რასიზმისა და ქსენოფობიის სხვადასხვა ფორმებიც, არ წყდება დამანგრეველი ომები და დაპირისპირებები. ეს და სხვა მოვლენები, რომლებითაც აღინიშნა კაცობრიობის გზა გასულ წელს, გვასწავლის თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ერთმანეთზე და ღმერთისეულ ქმნილებაზე ზრუნვა, რათა ავაშენოთ ძმურ ურთიერთობებზე დაფუძნებული საზოგადოება.


ამიტომაც, ამ წერილის თემად ავირჩიე: ზრუნვისკულტურა - მშვიდობისგზა. ზრუნვის კულტურა, რათა აღმოიფხვრას დღეისთვის ესოდენ მომძლავრებული გულგრილობის, გარიყულობის და დაპირისპირების კულტურა.


2. ღმერთი შემოქმედი - ზრუნვის ადამიანური მოწოდების სათავე


მრავალ რელიგიურ ტრადიციაში არაერთი ნარატივი არსებობს ადამიანის წარმოშობის, ღმერთთან, ბუნებასთან და თავის მსგავსებთან მისი ურთიერთობის შესახებ. ბიბლია, კერძოდ კი დაბადების წიგნი გვამცნობს თუ იმთავითვე რაოდენ მნიშვნელოვანია ზრუნვა და დაცვა კაცობრიობისთვის გამიზნულ ღმერთისეულ გეგმაში, წარმოაჩენს რა ურთიერთობას როგორც ადამიანსა („ადამ“) და დედამიწას („ადამაჰ“), ასევე თავად ძმებს შორის.


სამყაროს შექმნის შესახებ ბიბლიურ მონათხრობში ღმერთი ადამს ანდობს "ედემში გაშენებულ" ბაღს (შდრ. დაბ. 2:8) „დასამუშავებლად და დასაცავად“ (შდრ. დაბ. 2:15). ეს, ერთი მხრივ, ნიშნავს ნიადაგის განაყოფიერებას, მეორეს მხრივ კი მის დაცვას და მისთვის სიცოცხლის ხელშეწყობის უნარის შენარჩუნებას.


სიტყვები „დამუშავება“ და „დაცვა“ აღწერს ადამის დამოკიდებულებას თავის ბაღსახლთან და იმ ნდობაზეც მიგვანიშნებს, რომელსაც მას ღმერთი უცხადებს, როცა მას მთელი ქმნილების ბატონ-პატრონად და მცველად სახავს.


კაენისა და აბელის დაბადება სათავეს უდებს და-ძმობის ისტორიას, რაც ერთმანეთზე ზრუნვასა და ერთიმეორის დაცვას გულისხმობს. თვით კაენიც კი ამ ცნებებს იყენებს, ოღონდ უარყოფით კონტექსტში. მართლაც, აბელის მოკვლის შემდეგ, ღმერთის კითხვას იგი ასე პასუხობს: "ჩემი ძმის მეთვალყურე ხომ არ ვარ?" (დაბ. 4:9). დიახაც, კაენი, ყველა ჩვენგანის მსგავსად, მოწოდებული იყო ყოფილიყო თავისი ძმის "მეთვალყურე". «ეს უძველესი და ღრმად სიმბოლური ნაამბობი უკვე გულისხმობდა იმას, რაც ასე იგრძნობა ჩვენს დროში: ყველაფერი ურთიერთკავშირშია და საკუთარ თავზე და ბუნებასთან ჩვენს ურთიერთობაზე ზრუნვა განუყოფელია ძმობის, სამართლიანობის და სხვებისადმი ერთგულებისაგან”. (ენციკლიკა Laudato si’).


3. ღმერთიშემოქმედი - ზრუნვისმაგალითი


წმიდა წერილი ღმერთს წარმოგვიდგენს არა მხოლოდ როგორც შემოქმედს, არამედ როგორც საკუთარ ქმნილებებზე, კერძოდ, ადამზე, ევაზე და მათ შვილებზე მზრუნველს. თვით ჩადენილი დანაშაულისთვის დაწყევლილი კაენიც კი შემოქმედისგან საჩუქრად იღებს მცველ ნიშანს, რათა მისი სიცოცხლე ვერავინ ხელყოს (შდრ. დაბ. 4:15). ეს ფაქტი, რომელიც ადასტურებს ღმერთის ხატად და მგავსად შექმნილი პიროვნების ღირსების ხელშეუხებლობას, ამავე დროს გვიმჟღავნებს ქმნილებათა ჰარმონიის შენარჩუნების ღმერთისეულ გეგმას, რამეთუ მშვიდობა და ძალადობა ერთ სახლში ვერ იცხოვრებენ“.

სწორედ ქმნილებაზე ზრუნვაა საფუძველი შაბათის ინსტიტუტისა, რომელიც ღვთის თაყვანისცემის რეგულირების გარდა, მიზნად ისახავდა საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენასა და უპოვართა მიმართ ყურადღების გამოჩენას (დაბ. 1:1-3; ლვ. 25: 4).


იუბილეზე, რომელიც ყოველ მეშვიდე საშაბათო წელს აღინიშნებოდა, მიწას ასვენებდნენ, მონებს ათვისუფლებდნენ და მოვალეებს ვალს შეუნდობდნენ. იმ შენდობის წელს, ზრუნავდნენ უმწეოებზე, ხელს უმართავდნენ მათ, რათა ხალხში გაჭირვებული არავინ ყოფილიყო. (შდრ. რჯლ. 15:4).


ასევე აღსანიშნავია წინასწარმეტყველური ტრადიცია, რომელშიც სამართლიანობის ბიბლიური გაგება თავის ყველაზე დიდ გამოხატულებას ჰპოვებს იმაში, თუ როგორ ეპყრობა საზოგადოება თავის ყველაზე დაუცველ წევრებს. კერძოდ, ამოსი (2: 6-8; 8) და ესაია (58) მუდმივად ითხოვენ სამართლიან მოპყრობას უპოვართა მიმართ, რომელთა ჩივილსაც, მათი მოწყვლადობისა და უმწეობის გამო, მხოლოდ ღმერთი უსმენს (შდრ. ფს. 34.7; 113.7-8).


4. ზრუნვაიესოს მსახურებაში


იესოს ცხოვრება და მსახურება უზენაესი გამოხატულებაა კაცობრიობისადმი მამის სიყვარულისა (იო. 3:16). ნაზარეთის სინაგოგაში იესო გამოვლინდა, როგორც უფლის მიერ კურთხეული და «მოვლენილი გლახაკთა მახარებლად და გულით შემუსვრილთა მკურნალად, ტყვეთათვის გათავისუფლების მაუწყებლად, ბრმათა თვალის ამხელად, ტანჯულთა განსატევებლად”(ლკ. 4:18).


იუბილეებისთვის დამახასიათებელი ეს მესიანური ქმედებები ნათელი დასტურია მამის მიერ მისთვის დაკისრებული მისიისა. გულმოწყალებით აღსავსე ქრისტე მიდის სხეულითა და სულით ავადმყოფებთან და კურნავს მათ; შეუნდობს ცოდვილთ და ახალ სიცოცხლეს ჩუქნის. იგი კეთილი მწყემსია და ცხვრებზე ზრუნავს (შდრ. იო. 10,11-18; ეზ. 34: 1-31); კეთილი სამარიელია, დაჭრილ ადამიანის თავთან რომ დაიხრება, ჭრილობას შეუხვევს და მოუვლის (შდრ.ლკ. 10,30-37). მისიის კულმინაციისას, იესო ჩვენდამი ზრუნვას ჯვარზე ასვლით განამტკიცებს, რითაც ცოდვისა და სიკვდილის მონობისგან გვათავისუფლებს.


ამგვარად, თავისი სიცოცხლითა და მსხვერპლით, მან სიყვარულის გზა გაგვიხსნა და თითოეულ ადამიანს მოუწოდა: ”გამომყევი! წადი და შენც ასევე მოიქეცი”(შდრ. ლკ 10.37)


5. ზრუნვის კულტურაიესოს მიმდევრებისცხოვრებაში


სულიერი და ფიზიკური გულმოწალების გამოვლინებანი პირველყოფილი ეკლესიის საქველმოქმედო სამსახურის ბირთვია. პირველი თაობის ქრისტიანებს საზიარო ქონება ჰქონდათ, რათა მათ შორის გაჭირვებული არავინ ყოფილიყო (შდრ. საქმენი 4: 34-35). ისინი ცდილობდნენ საზოგადოება მყუდრო სახლად ექციათ, რომელიც თვალს გაუსწორებდა ადამიანურ გაჭირვებას და იზრუნებდა საზოგადოების უმწეო წევრებზე. წესად იქცა ნებაყოფლობითი შეწირულობის გაღება უპოვართა გამოსაკვებად, მკვდართა დასამარხად, ობოლთა შესაფარებლად, მოხუცთა და სტიქიური უბედურებების, მაგალითად, საზღვაო კატასტროფების მსხვერპლთა დასახმარებლად.


შემდგომში, როცა ქრისტიანთა გულუხვობამ წინანდებური გზნება დაკარგა, ეკლესიის ზოგიერთი მამა კვლავაც დაჟინებით გვახსენებდა, რომ ყოველი ქონება ღმერთს საერთო სიკეთედ მიაჩნდა. წმინდა ამბროსის აზრით ”ბუნებამ ადამიანისთვის განკუთვნილი ყოველი საგანი საერთო სარგებლობისთვის დასახა. [...] ამიტომაც, ბუნებამ ყველას საერთო უფლება დაუწესა, რომელიც სიხარბემ ერთი მუჭა ადამიანების უფლებად აქცია". პირველ საუკუნეებში განცდილი დევნის შემდეგ მოპოვებული თავისუფლება ეკლესიამ საზოგადოების და მისი კულტურის შთაგონებისთვის გამოიყენა. «დროის მოთხოვნამ ახალ ძალებს უხმო ქრისტიანული სიყვარულის სამსახურში. ისტორია ქველმოქმედების უამრავ ფაქტს ინახავს [...], ტანჯული კაცობრიობისთვის შვების მოსატანად არაერთი ინსტიტუტი შეიქმნა - საავადმყოფოები, უპოვართა თავშესაფრები, ობოლ თუ მიტოვებულ ბავშვთა სახლები, მოგზაურთა მოსასვენებლები და ა.შ. ".


6. ეკლესიისსოციალური დოქტრინისპრინციპები - ზრუნვისკულტურის საფუძველი

პირველყოფილი ეკლესიის დიაკონია, მამათა სწავლებებით გამდიდრებული და საუკუნეების მანძილზე გამოვლენილი, რწმენით გასხივოსნებული უამრავი მოწმის ღვაწლით შთაგონებული, ეკლესიის სოციალური დოქტრინის გულისცემად იქცა.

ეს დოქტრინა კეთილი ნების ყველა ადამიანისთვის გახდა პრინციპების, კრიტერიუმებისა და მითითებების ძვირფას მემკვიდრეობად, საიდანაც შევიმეცნებთ ზრუნვის „გრამატიკულ წესებს“ - ადამიანური ღირსების მხარდაჭერას, უპოვართა და უმწეოთა მიმართ სოლიდარობას, საერთო სიკეთეზე ზრუნვას, ღმერთისეული ქმნილებების დაცვას.


* ზრუნვა, როგორც ყოველიადამიანის ღირსებისადა უფლებების მხარდაჭერა


«პიროვნების ცნება, ქრისტიანობის წიაღში წარმოშობილი და წამოზრდილი, საერთოადამიანური განვითარების მამოძრავებელი ცნებაა.


პიროვნება ინდივიდუალიზმს კი არა, ურთიერთობას ნიშნავს; გათიშულობას კი არა, ჩართულობას ამკვიდრებს; ექსპლუატაციას კი არა, ღირსების ხელშეუხებლობას გულისხმობს”.


ყველა ადამიანი თავისთავად მიზანია და არა მხოლოდ გარკვეული სარგებლობის მომტანი ინსტრუმენტი. იგი ოჯახში, თემში თუ საზოგადოებაში საცხოვრებლადაა შექმნილი, რომლის ყოველი წევრიც თანაბრად ღირსეულია. სწორედ ამ ღირსებიდან იღებს სათავეს ადამიანის უფლებები, ისევე, როგორც მოვალეობები, კერძოდ კი პასუხისმგებლობა იმისა, რომ გვერდით დავუდგეთ და ხელი გავუმართოთ ღარიბებს, სნეულებს, გარიყულებს, ყოველ, „დროსა და სივრცეში ახლო თუ შორეულ მოყვასს“.


* ზრუნვა საერთო სიკეთეზე


სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრების ყველა ასპექტი მთელი სისრულით მხოლოდ მაშინ ვლინდება, როცა ემსახურება საერთო სიკეთეს, ანუ „საზოგადოებრივი ცხოვრების იმ პირობათა ერთობლიობას, რომლებიც ადამიანთა ჯგუფებსა თუ ცალკეულ პიროვნებებს საშუალებას აძლევს უფრო მეტი სისავსით და უფრო სწრაფად მიაღწიონ თავიანთ სრულყოფას“. ამიტომ, ჩვენი გეგმები და ძალისხმევა ყოველთვის უნდა ითვალისწინებდეს იმას, თუ თუ რა გავლენას იქონიებს ისინი მთელ საკაცობრიო ოჯახზე, რა შედეგს გამოიღებს სადღეისოდ თუ სამომავლოდ. ამაში დაგვარწმუნა კოვიდ-19-ის პანდემიამ, რომლის წინაშეც „ყველანი მივხვდით, რომ ერთ ნავში ვსხედვართ, სუსტები და დაბნეულები, თუმცა, ამავე დროს, მნიშვნელოვანნი და საჭირონი, ყველანი მოწოდებულნი, რომ ერთი მიმართულებით მოვუსვათ ნიჩაბი“, რადგან, „ცალცალკე ვერავინ გადარჩება“ და ვერცერთი ცალკე აღებული სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს თავისი მოსახლეობის საერთო სიკეთეს.


* ზრუნვა სოლიდარობის გზით


სოლიდარობა კონკრეტულად გამოხატავს სიყვარულს სხვის მიმართ, არა როგორც ბუნდოვან გრძნობას, არამედ როგორც ”მტკიცე და დაჟინებულ გადაწყვეტილებას იღვაწო საერთო სიკეთისთვის, ანუ ყველა და თითოეული ადამიანის სასიკეთოდ, რამეთუ ჭეშმარიტად ყველანი ყველაზე ვაგებთ პასუხს”. სოლიდარობა გვეხმარება დავინახოთ სხვა ადამიანი, ერი თუ ქვეყანა, არა როგორც სტატისტიკური მონაცემი თუ გამოსაყენებელი და მერე მოსასროლი საგანი, არამედ, როგორც მოყვასი, თანამგზავრი, ცხოვრების ნადიმზე ჩვენსავით ღმერთის მიერ მოწვეული.


* შემოქმედების მოვლა და დაცვა


ენციკლიკა Laudato si’ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ღმერთის ყველა ქმნილება ურთიერთდაკავშირებულია და მოგვიწოდებს ყურადღებით და გამუდმებით ვისმინოთ გაჭირვებული ადამიანისა და ყოველი ქმნილების ძახილი. ამგვარი მოსმენა შესაძლოა გადაიზარდოს მზრუნველობით დამოკიდებულებაში დედამიწის, ჩვენი საერთო სახლისა და უპოვართა მიმართ. ამასთან დაკავშირებით, მსურს გავიმეორო, რომ „ბუნების სხვა არსებებთან მჭიდრო კავშირის გრძნობა გულწრფელი ვერ იქნება, თუ გულში ადამიანისადმი სინაზე, თანაგრძნობა და წუხილი არა გაქვს“.


«მშვიდობა, სამართლიანობა და ღმერთისეული ქმნილების დაცვა სამი ურთიერთდაკავშირებული საკითხია, რომელთაც ვერ გამოაცალკევებ და სათითაოდ ვერ განიხილავ, თუ არ გსურს ისევ რედუქციონიზმის ტყვეობაში აღმოჩნდე”.


7. კომპასი ერთად სავალი გზის გასაგნებად


ჩვენს ხანაში, გარიყვის კულტურის აღზევების პირობებში, ქვეყნებს შორის და თავად ქვეყნებს შიგნით უთანასწორობის გამწვავების წინაშე მდგარს, მსურს საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და მთავრობის მეთაურებს, მსოფლიო ეკონომიკისა და მეცნიერების, სოციალური კომუნიკაციებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მესვეურთ მოვუწოდო ხელში აიღონ ზემოხსენებული პრინციპების „კომპასი“, რათა გლობალიზაციის პროცესში განსაზღვრონ ერთად სავალი და „ჭეშმარიტად ადამიანური გზა“.


ეს საშუალებას მოგვცემდა ჯეროვნად დაგვეფასებინა ყოველი პიროვნების ღირებულება და ღირსება, ერთად და სოლიდარულად გვეღვაწა საერთო სიკეთისთვის, შეგვემსუბუქებინა უპოვართა, სნეულთა, დამონებულთა, დისკრიმინაციისა და კონფლიქტების მსხვერპლთა ხვედრი.


ყველას მოვუწოდებ, ამ კომპასის მეშვეობით გახდეს ზრუნვის კულტურის წინასწარმეტყველი და მოწმე, რათა აღმოიფხვრას ამდენი სოციალური უთანასწორობა. ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ ქალთა ფართო და ქმედითი ჩართულობით ოჯახსა და ყველა საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და ინსტიტუციონალურ სფეროში.


სოციალური პრინციპების კომპასი, ესოდენ აუცილებელი ზრუნვის კულტურის მხარდასაჭერად, გამოდგება ქვეყნებს შორის ურთიერთობებისთვისაც, რომლებიც გამსჭვალულნი უნდა იყოს ძმობის, ურთიერთპატივისცემის, სოლიდარობისა და საერთაშორისო სამართლისადმი ერთგულების სულისკვეთებით.


ამ მიზნით, აქცენტი კვლავაც უნდა გაკეთდეს ადამიანის განუყოფელი და უნივერსალური უფლებების დაცვასა და მხარდაჭერაზე. ასევე პატივი უნდა ვცეთ ჰუმანიტარულ სამართალს, განსაკუთრებით ახლა, როცა კონფლიქტებსა და ომებს ბოლო არ უჩანს. სამწუხაროდ, უამრავ რეგიონსა და საზოგადოებას აღარც კი ახსოვს მშვიდობიანი და უსაფრთხო დროება.


არაერთი ქალაქი იქცა საფრთხის ეპიცენტრად. მათი მკვიდრნი ცდილობენ შეინარჩუნონ ცხოვრების ჩვეული რიტმი, მაგრამ გამუდმებული დაბომბვისა და საარტილერიო თუ მსუბუქი შეიარაღების შეტევების ქვეშ მყოფნი ამას ვერ ახერხებენ. ბავშვები ვეღარ სწავლობენ. მშობლები ვეღარ მუშაობენ, რომ ოჯახები შეინახონ. ერთ დროს ეკონომიკურად წელგამართულ ქვეყნებში სიღატაკე გამეფდა. ხალხი მშობლიური მიწებიდან გარბის და არა მარტო სახლებს ტოვებს, არამედ წყდება თავიანთი ოჯახის ისტორიასა და კულტურულ ფესვებსაც.


კონფლიქტების მიზეზი ბევრია, შედეგი კი მუდამ ერთი და იგივე - ნგრევა და ჰუმანიტარული კრიზისი.


უნდა შევჩერდეთ და საკუთარ თავს ვკითხოთ: როგორ მოხდა, რომ მსოფლიოში კონფლიქტები უკვე ნორმალურ მოვლენად მიგვაჩნია? პირველ რიგში კი, როგორ გარდავქმნათ ჩვენი გულები და შევიცვალოთ აზროვნების წესი, რათა სოლიდარულად და ძმურად ვიღვაწოთ ჭეშმარიტი მშვიდობისთვის?


რამდენი რესურსი იფლანგება იარაღის შესაძენად, განსაკუთრებით კი ბირთვული იარაღის შესაქმნელად? ხომ შეიძლებოდა ამ რესურსების სხვა პრიორიტეტებით გამოყენება ადამიანების უსაფრთხოების დასაცავად, მაგალითად მშვიდობის, ადამიანის ყოველმხრივი განვითარების, სიღარიბესთან ბრძოლის, გარანტირებული სამედიცინო მომსახურების მხარდაჭერით? ამ ყოველივეს აუცილებლობა კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა გლობალურმა პრობლემებმა, კერძოდ, კოვიდ პანდემიამ და კლიმატურმა ცვლილებებმა. რა თამამი გადაწყვეტილება იქნებოდა ”იარაღზე და სხვა სამხედრო ხარჯებზე დახარჯული ფულით შექმნილიყო ‘მსოფლიო ფონდი’, რომელიც საბოლოოდ აღმოფხვრიდა შიმშილს და ხელს შეუწყობდა უღარიბესი ქვეყნების განვითარებას“!


8. აღზრდა ზრუნვისკულტურის სულისკვეთებით


ზრუნვის კულტურის მხარდაჭერა მოითხოვს გარკვეულ სასწავლო პროცესს. ამ მხრივ, სოციალური პრინციპების კომპასი საიმედო ინსტრუმენტია სხვადასხვა ურთიერთდაკავშირებული კონტექსტისთვის. მოვიყვან რამდენიმე მაგალითს.


- ზრუნვისთვის აღზრდა იწყება ოჯახში, საზოგადოების ბუნებრივ და ძირითად ბირთვში, სადაც ვსწავლობთ სხვებთან ურთიერთობას ურთიერთპატივისცემის სულისკვეთებით. თუმცა, ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და საშური ამოცანის შესასრულებლად საჭიროა ოჯახისთვის სათანადო პირობების შეექმნა.


- ოჯახთან ერთად, განათლების სხვა სუბიექტები არიან სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი და, გარკვეული თვალსაზრისით, სოციალური მედიასაშუალებები. ისინი მოწოდებულნი არიან დაამკვიდრონ ფასეულობათა სისტემა, დაფუძნებული ყველა ადამიანის, ყველა ლინგვისტური, ეთნიკური თუ რელიგიური თემის, ყველა ერის ღირსებაზე და აქედან გამომდინარე ფუნდამენტურ უფლებებზე. აღზრდა წარმოადგენს უფრო სამართლიანი და სოლიდარული საზოგადოების ერთ-ერთ საყრდენს.


- ზოგადად, რელიგიებს და, კერძოდ, რელიგიურ ლიდერებს ძალუძთ ითამაშონ შეუცვლელი როლი მათი მრევლისთვის და საზოგადოებისთვის სოლიდარობის, განსხვავებულობათა პატივისცემის, ურთიერთგაგებისა და სუსტებზე ზრუნვის ფასეულობათა დამკვიდრების საქმეში. ამასთან დაკავშირებით, მახსენდება პაპ პავლე VI-ის მიერ 1969 წელს უგანდის პარლამენტისადმი წარმოთქმული სიტყვები: „ნუ შეგეშინდებათ ეკლესიის; იგი თქვენ პატივს გცემთ, გზრდით პატიოსან და ერთგულ ადამიანებად, არ აღვივებს შუღლსა და გათიშულობას, ცდილობს მხარი დაუჭიროს ჯანსაღ თავისუფლებას, სოციალურ სამართლიანობას, მშვიდობას; თუ ვინმეს უპირატესობას ანიჭებს, ეს ღარიბებია, ბავშვთა და ხალხის აღზრდაა, ტანჯულებზე და მიტოვებულებზე ზრუნვაა“.


მსურს გავამხნევო ისინი, ვინც ხალხის სამსახურშია, საგანმანათლებლო მისიის მქონე საერთაშორისო, სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, ყველა, ვინც ამა თუ იმ ფორმით, განათლების სფეროში მოღვაწეობს, რათა დავამკვიდროთ „უფრო ღია და ინკლუზიური განათლება, რომელსაც აქვს მოსმენის, კონსტრუქციული საუბრისა და ურთიერთგაგების უნარი“.


იმედი მაქვს, რომ განათლების შესახებ გლობალური შეთანხმების კონტექსტში გაკეთებული ეს მოწოდება ფართო მხარდაჭერას პოვებს.


9. აღზრდისკულტურის გარეშეარც მშვიდობაარსებობს


ზრუნვის კულტურა გულისხმობს საერთო და სოლიდარული ძალისხმევის გაღებას ყოველი ადამიანის ღირსებისა და საყოველთაო სიკეთის დასაცავად, მათი საფიქრალის გულთან მიტანას, თანაგრძნობას, შერიგებას, მკურნალობას, ურთიერთპატივისცემას, ურთიერთგაგებას. ამიტომაც იგი მშვიდობისკენ მიმავალი უმთავრესი გზაა. „მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში საჭიროა სამშვიდობო გზების გამოძებნა ჭრილობების მოსაშუშებლად. ასევე საჭიროა მშვიდობისმყოფელები, ქალები თუ კაცები, რომლებიც მზად იქნებიან წამოიწყონ თამამი და შემოქმედებითი გამაჯანსაღებელი და განახლებული შეხვედრებისკენ მიმართული ინიციატივები“.


ჩვენს დროში, როცა კრიზისის ქარიშხლით შეტორტმანებული კაცობრიობის ნავი ძლივძლივობით მიიწევს წინ უფრო უსაფრთხო და მშვიდი ჰორიზონტის საძიებლად, პიროვნების ღირსების საჭე და ფუნდამენტური სოციალური პრინციპების „კომპასი“ შეგვაძლებინებს უფრო საერთო და უსაფრთხო გზით ნაოსნობას. როგორც ქრისტიანებმა, მზერა უნდა მივაპყროთ მარიამ ქალწულს, ზღვის ვარსკვლავსა და იმედის დედას. ყველამ ერთად ვითანამშრომლოთ ახალი, სიყვარულისა და მშვიდობის, ძმობისა და სოლიდარობის, ურთიერთთანადგომის და ურთიერთგაგების ჰორიზონტისკენ სვლისათვის. ნუ ავყვებით ცდუნებას ზურგი ვაქციოთ ერთმანეთს, განსაკუთრებით კი სუსტებს, ნუ ავარიდებთ ერთმანეთს მზერას, არამედ ყოველდღიურად ვიღვაწოთ, რათა „შევქმნათ ურთიერთგამგები და ერთმანეთზე მზრუნველი ძმებისგან შემდგარი საზოგადოება“.


ვატიკანიდან, 2020 წლის 8 დეკემბერი


ფრანცისკე


წყარო: https://vaticange.org/

  • Sabamedia - საბამედია
  • YouTube - კანალი
  • Instagram
  • კათოლიკური ეკლესია
Время_1.png

გამოიწერეთ ახალი ჟურნალი "საბა"

  • sabamedia

© 2021 Sabamedia / საბამედია