იოანე პეტრიწი, იგივე ღირსი იოანე ჭიმჭიმელი

იოანე პეტრიწი – XI-XII საუკუნეების ქართველი ფილოსოფოსი, ნეოპლატონიკოსი. გადმოცემით, მას იოანე ფილოსოფოს ჭიმჭიმელსაც უწოდებდნენ.

მისი ბიოგრაფიული ცნობები არ მოგვეპოვება, მხოლოდ XVIII საუკუნის მწიგნობარნი იუწყებიან, რომ იოანე პეტრიწი სამცხიდან იყო, დიდგვაროვანი ჩამომავლობისა.


იოანე ბატონიშვილის ცნობით კი იოანე პეტრიწი გურიიდან იყო.


ახალგაზრდობაში სწავლობდა კონსტანტინოპოლში, მანგანის აკადემიაში, სადაც მას ასწავლიდნენ ბიზანტიური რენესანსის წარმომადგენლები: მიქაელ ფსელოსი და იოანე იტალოსი.


იოანე პეტრიწმა სწავლა-განათლება საბერძნეთში, 1044-1047 წლებში იმპერატორ კონსტანტინე მონომახის მიერ დაარსებულ აკადემიაში მიიღო, რომელიც ელინთა რენესანსის კერად გადაიქცა.


კონსტანტინოპოლში იოანე ჩაება იმ ფილოსოფიურ წრეში, რომლის მეთაურებადაც მისი მასწავლებლები, ფსელოსი და იოანე იტალი ითვლებოდნენ. ამ უკანასკნელთან ერთად, ის ფილოსოფიური მოძრაობისა და ბიზანტიური რენესანსის აქტიურ ძალად შეიქმნა, რის გამოც მათთან ერთად მანაც დაიმსახურა დევნა – შევიწროება ოფიციალური კონსერვატიული წრეებისგან. ხოლო როდესაც მიქაელ ფსელოსი საზოგადოებრივი სცენიდან ჩამოვიდა, ხოლო სხვებს, ამ მოძრაობის მეთაურთ, სერიოზული დევნა დაუწყეს, იოანე სამშობლოში დაბრუნდა.


იოანემ სამშობლოშიც ვერ ჰპოვა ის, რასაც დაეძებდა. დიდი თურქობის შემდეგ (1080წ.) იგი კვლავ დაბრუნდა საბერძნეთში და ვინაიდან აღარ ეცხოვრებოდა კონსტანტინოპოლში, საიდანაც 1082-84 წლებში გააძევეს, იოანე იტალი და მისი თანამოაზრენი, ამიტომ ის დამკვიდრდა ბულგარეთში, ქართველთა პეტრიწონის მონასტერში, რომელიც 1083 წელს ააშენა გრიგოლ ბაკურიანისძემ. მას იოანე გაცნობია საბერძნეთში ან თვით საქართველოში, რადგან 1080 წლის ახლო ხანებში გრიგოლი მოვიდა გიორგი მეფესთან დიპლომატიურ -პოლიტიკური მისიით პეტრიწონის მონასტერში, სადაც სასულიერო სემინარიას ჩაუდგა სათავეში. იოანემ აქ ოციოდე წელიწადი დაჰყო. ასე რომ, მისი სამწერლო მოღვაწეობის უმნიშვნელოვანესი ხანა პეტრიწონის მონასტერთან არის დაკავშირებული. სწორედ აქედან მიიღო მან პეტრიწის სახელწოდებაც.


ფილოსოფიური აზროვნების გამო იოანე აიძულეს სხვა ადგილი მოეძებნა. სწორედ ამ დროს, დაახლოებით რუის-ურბნისის კრების შემდეგ, დავით აღმაშენებელმა გელათში შექმნა სალიტერატურო ცენტრი, რომლისთვისაც ღირსეულ მოღვაწეებს საზღვარგარეთიდან იწვევდა. XII საუკუნის პირველ ათეულში იოანე სამშობლოში დაბრუნდა და დამკვიდრდა გაენათის ეკლესიაში, სადაც თარგმნა რამდენიმე საღვთისმეტყველო და ფილოსოფიური თხზულება.


იოანე პეტრიწი ერთი იმ პირთაგანია, რომელნიც XI-XII სს.-ში ცდილობდნენ ქართულ ნიადაგზე გადმოენერგათ ბიზანტიური ფილოსოფიის მოღვაწენი და ხელი შეეწყოთ ქართული ფილოსოფიური აზროვნებისა და მწერლობის განვითარებისათვის. იოანემ ჩვენში შექმნა მთელი ფილოსოფიური სკოლა, ტერმინოლოგია, ენა და სტილი. ე.წ. პეტრიწონული სკოლა მის მიერაა ჩამოყალიბებული.


მან თარგმნა რამდენიმე ეგზეგეტიკური ხასიათის თხზულება:


1) “თარგმანებაჲ ეკლესიასტისაჲ” მიტროფანე სმირნელისა;

2) “თარგმანებაჲ ეკლესიასტისაჲ” ოლიმპიოდორე ალექსანდრიელისა;

3) “თარგმანებაჲ მარკოზის სახარებისაჲ” თეოფილაქტე ბულგარელისა;

4) მისივე “თარგმანებაჲ ლუკას სახარებისაჲ”.


იოანე პეტრიწი ნეოპლატონიზმის ნიადაგზე პლატონისა და არისტოტელეს მორიგებას ცდილობს. ამ თვალსაზრისით ის თარგმნის ნემესიოს ემესელის “ბუნებისათვის კაცისა”, რამაც ვერ დააკმაყოფილა მისი ინტერესები, ამიტომ იგი “ეკლესიის მამების” გვერდის ავლით აპირებს უშუალოდ მივიდეს პლატონთან, არისტოტელესთან და მოგვცეს საკუთარი ცდა მათი მორიგებისა ან “სიმფონიისა”. ამ მიზნით მან თარგმნა პროკორე დიადოხოსის თხზულება “კავშირი ღმრთისმეტყუელებითნი”. რომელშიც პლატონისა და არისტოტელეს “სიმფონია” სანიმუშოდ არის გადმოცემული. პეტრიწი ამ შრომაში შეურყევლად აგრძელებს ქართული ფილოსოფიის წინამორბედის ხაზს: ის ფილოსოფიას ქრისტიანობის სამსახურში აყენებს, სურს ქრისტიანობა ფილოსოფიურად დაასაბუთოს და გაამართლოს, როგორც შინაარსობრივად, ისე ლოგიკურად. გამორიცხულია აზრი, თითქოს იოანე პეტრიწი ქრისტიანულ დოგმებს უხვევდა, რადგან მან თარგმნა წმიდანთა “ცხოვრება”, შეთხზა ოფიციალური საღვთისმსახურო წიგნებისათვის ლიტურგიკული ჰიმნები, თარგმნა მისტიკური ხასიათის თხზულება “კლემაქსი”, რომელშიც მოცემულია 30 ხარისხი ადამიანის სულის ღვთაებრივი მიახლოებისა, მსგავსად ქრისტეს ცხოვრების 30 წლისა.


იოანე პეტრიწი ისეთივე დამცველია ეკლესიური დოგმატიზმისა, როგორც მისი წინამორბედნი თუ თანამედროვენი.


ქართველი ფილოსოფოსის, საეკლესიო მოღვაწის, ღირსი იოანეს თხზულებებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართული სასულიერო მწერლობისათვის. ღირსი იოანეს ფრესკა გამოსახული ყოფილა იერუსალიმის ჯვრის მონასტერში.


წყარო: www.ambioni.ge


მოამზადა შოთა გიქოშვილმა
  • Sabamedia - საბამედია
  • YouTube - კანალი
  • Instagram
  • კათოლიკური ეკლესია
Время_1.png

გამოიწერეთ ახალი ჟურნალი "საბა"

  • sabamedia

© 2021 Sabamedia / საბამედია