ვინც ვატიკანის II კრებას არ მიჰყვება, ის ეკლესიასთან არ არის – პაპი


30 იანვარს, წმ. კლიმენტის დარბაზში პაპმა პირად აუდიენციაზე მიიღო იტალიის ეპისკოპოსთა კონფერენციის კატეხიზაციის განყოფილების დელეგატები. შეხვედრა ვატიკანის მეორე კრების შემდგომ კატეხიზაციების განახლებისთვის შექმნილი დამოუკიდებელი ინსტრუმენტის 60 წლისთავს მიეძღვნა.


წმიდა მამამ სტუმრებს გაუზიარა სამი მომენტი, რომლებიც მისივე თქმით, უახლოესი წლების განმავლობაში დაეხმარებათ. პირველი მათგანია კავშირი კატეხიზმოსა და კერიგმას (გამოცხადება, დამოწმება) შორის: „კატეხიზაცია ღვთის სიტყვის გამოძახილია. საკატეხიზაციო გადმოცემით, წმიდა წერილი გვაძლევს სივრცეს, სადაც შეგვიძლია თავი ვიგრძნოთ ხსნის ისტორიის ნაწილად, რწმენის პირველ მოწმეებთან შეხვედრით. კატეხიზაცია ასევე არის მისტაგოგიური გზა, რომელიც მუდმივ დიალოგშია საღვთო ლიტურგიასთან. საიდუმლოების გული არის კერიგმა, ხოლო კერიგმა არის იესო ქრისტეს პიროვნება“, – აღნიშნა პაპმა. კატეხიზაცია არის უფალთან შეხვედრის პრივილეგირებული ადგილი, იმიტომ, რომ იგი არის პირადი ურთიერთობის განუყოფელი ნაწილი.


„პირველი კატეხიზატორები, სახარების მაცნეები, ხშირად არიან საერო პირები, რომლებიც გულუხვად უზიარებენ იესო ქრისტესთან შეხვედრას სხვებს“, – აღნიშნა ფრანცისკემ.


„ვინ არის კატეხიზატორი? ის, ვინც გულში ინახავს და კვებავს სხვებს ღმერთის ხსოვნით; იგი ინახავს თავის თავში ამ ხსოვნას, ახსოვს რა ხსნის ისტორიის შესახებ და ძალუძს სხვებშიც გამოაღვიძოს იგივე ხსოვნა. კატეხიზატორი არის ქრისტიანი, რომლისთვისაც ეს ხსოვნა არის დახმარება სახარების უწყებაში; მას არ სურს ყურადღების ცენტრში ყოფნა და არ საუბრობს საკუთარ თავზე; ის საუბრობს ღმერთზე, მის სიყვარულსა და ერთგულებაზე“.


წმინდა მამამ ისაუბრა სახარების უწყების ზოგიერთ მახასიათებლებზე, რომლებიც დღეს აუცილებლობას წარმოადგენს ყველგან. ესენია ჭეშმარიტების არა თავზე მოხვევა, არამედ მოწოდება თავისუფლებისაკენ. „სახარების უწყება გამსჭვალული უნდა იყოს სიხარულით, სიცოცხლის ძალითა და ჰარმონიული სისავსით, რომლებიც არ წაიყვანს სხვადასხვა დოქტრინალურ სწავლებამდე, უფრო ფილოსოფიურ, ვიდრე სახარებისეულამდე. სახარების მაუწყებლისგან მოითხოვება გარკვეული თვისებები, რაც დაეხმარება მის უკეთ გაგებაში, რაც გახდის ხელმისაწვდომს და ღიას დიალოგს, უნდა იყო მომთმენი და გულით მოხარული დასჯის გარეშე. ვინაიდან ყველა ამ თვისებას ფლობს იესო. ჭეშმარიტი რწმენა უნდა ითარგმნოს დიალექტზე ანუ გულიდან გამოსულ, ყველასათვის ყველაზე გასაგებ ენაზე“, – აღნიშნა რომის ეპისკოპოსმა.


მეორე მომენტი, წმინდა მამის თქმით, არის კავშირი კატეხიზაციასა და მომავალ დროს შორის. „ჩვენ უნდა ვუყუროთ ვატიკანის მეორე კრებას მადლიერებითა და ეკლესიის მომავლის იმედით, ხოლო ეს მომავალი გახდება ახალი დროის უდიდეს კატეხიზმოდ“, – აღნიშნა პაპმა.


„თქვენ ან მიყვებით კრებას და ხართ ეკლესიასთან ან არ მიყვებით მას, ან თქვენებურად, თქვენი სურვილით განმარტავთ მას და ამიტომ არ ხართ ეკესიასთან. თქვენი რწმენა თუნდაც მყარი იყოს, ეკლესიის სწავლების გარეშე მიდიხართ დაღუპვამდე. გთხოვთ, ნუ დაუთმობთ მათ, რომლებიც გთავაზობენ ეკლესიის სწავლებიდან ჩამოშორებულ კატეხიზმოს“.


“დღევანდელმა ეკლესიამ ხალხს უნდა შესთავაზოს ახალი კატეხიზმო, რომელიც შთაგონებული იქნება სამწყსო ზრუნვის ყველა ასპექტით: ქველმოქმედებით, ლიტურგიით, ოჯახით, კულტურით, საზოგადო ცხოვრებითა და ეკონომიკით. კატეხიზაცია არის ეკლესიის ავანგარდში, იგი მოწოდებულია წაიკითხოს დროის ნიშნები და მიიღოს აწმყოსა და მომავლის გამოწვევები. ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს ჩვენი თანამედროვეების ენაზე საუბრისა, არამედ ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ მათ ნებისმიერ შეკითხვას, გადაუჭრელ პრობლემას, სისუსტეებსა და ორჭოფობას. არ უნდა გვეშინოდეს ნოვატორული და განახლებული ინსტურმენტის შემუშავებისა,” - ნათქვამია წმიდა მამის სიტყვაში.


მესამე მომენტი პაპის თქმით, არის კავშირი კატეხიზაციასა და საკრებულოს შორის. ამ წელს, პანდემიის გამო, მარტოობასა და ჩაკეტილობაში არაერთხელ გვიფიქრია ჩვენი კუთვნილების გრძნობაზე, რომელიც დევს საკრებულოს საფუძველში. ჩვენ გავაცნობიერეთ, რომ მარტონი ვერ გავუმკლავდებით ამ კრიზისს და მისგან მხოლოდ ერთად უნდა გამოვიდეთ.


„ადამიანი მხოლოდ საკრებულოდ ყოფნის გრძნობის ხელახალი შეძენით შეძლებს სრულად შეიძინოს თავისი ღირსება. საკრებულოს მთავარ განზომილებად უნდა იქცეს კატეხიზაცია და სახარების უწყება. დადგა დრო, გავხდეთ ღია საკრებულოების ხელოსნები, რომლებსაც შეუძლიათ ყოველი ადამიანის ნიჭის დაფასება“, – განაცხადა პაპმა და მოუწოდა კატეხიზატორებს, რომ არ დაავიწყდეთ იესოს სიღრმეებიდან თანდაყოლილი თანაგრძნობის შესახებ. „ეკლესია ვალდებულია უფრო ახლოს მივიდეს მიტოვებულებთან, მივიწყებულებთან, არასრულფასოვნებთან. ბედნიერია დედობრივი სახის მქონე ეკლესია, რომელსაც ესმის, რომელიც გზას უკვლევს და ეფერება“.


საუბრის ბოლოს, პაპმა მადლობა გადაუხადა იტალიის კატეხიზატორებს მათი მსახურებისთვის და მოუწოდა ლოცვისა და კატეხიზაციებზე შემოქმედებითი აზროვნებისკენ, რომელიც დაფუძნებულია კერიგმაზე და ეკლესიის საკრებულოების მომავლის სწრაფვაზე, რადგან ისინი გახდნენ უფრო ძმური, ინკლუზიური და ფესვგადგმული სახარებაში.


წყარო: VaticanNews

 თარგმანი – შოთა გიქოშვილი
  • Sabamedia - საბამედია
  • YouTube - კანალი
  • Instagram
  • კათოლიკური ეკლესია
Время_1.png

გამოიწერეთ ახალი ჟურნალი "საბა"

  • sabamedia

© 2021 Sabamedia / საბამედია