ვატიკანის ელჩი ზაქარია ფალიაშვილის სახლ–მუზეუმს ესტუმრა


ქართველი კომპოზიტორის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ვატიკანის ელჩი საქართველოში, ჟოზე აველინო ბეტანკური, ფალიაშვილის მემორიალურ სახლ-მუზეუმში იმყოფებოდა.

ზაქარია ფალიაშვილი, ამ სახლში 1915 წლიდან 1933 წლამდე (სიცოცხლის ბოლომდე) ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. მუზეუმში დაცულია ზაქარია ფალიაშვილის (1871-1933 წწ.) ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები: მემორიალური ნივთები, პირადი არქივი, კომპოზიტორის მიერ შექმნილი ოპერების (,,აბესალომ და ეთერი”, ,,დაისი”, ,,ლატავრა") პარტიტურების ორიგინალები, პირველი დადგმების აფიშები, სხვადასხვა დოკუმენტური და ფოტო მასალა, ხელნაწერები, ბიბლიოთეკა და სხვა.


ფალიაშვილი 1871 წლის 4 აგვისტო/16 აგვისტოს ქალაქ ქუთაისში დაიბადა და 1933 წლის 6 ოქტომბერს თბილისში გარდაიცვალა.


ფალიაშვილები წარმოშობით სამხრეთ საქართველოდან, მესხეთ-ჯავახეთიდან იყვნენ. მისი ოჯახი იმ ქართველ კათოლიკეთა რიცხვს ეკუთვნოდა, რომლებიც ახალციხიდან ქუთაისში დასახლდნენ. ქართული ოპერის ერთ-ერთი ფუძემდებელი ზაქარია ფალიაშვილი სწორედ იქ, 1871 წლის ზაფხულში დაიბადა. პეტრე ფალიაშვილისა და მარიამ მესარქიშვილის მრავალშვილიან ოჯახში ზაქარია მესამე ბავშვი იყო...


პეტრე ქუთაისის კათოლიკურ ეკლესიაში მსახურობდა, მარიამი ბავშვების აღზრდით იყო დაკავებული. უჭირდათ, 11 შვილის მოვლა-პატრონობა არ იყო მარტივი. ცოლ-ქმარს შვიდი შვილი სხვადასხვა დროს მცირეწლოვან ასაკში გარდაეცვალა. ბავშვობაში ზაქარია და მისი ძმა კათოლიკურ ეკლესიაში გალობდნენ. ზაქარიას წკრიალა ხმა (დისკანტი) ჰქონია. იქვე სწავლობდა ორგანზე დაკვრასაც. დაწყებითი განათლებაც ეკლესიასთან არსებულ სამრევლო სკოლაში მიიღო. მოგვიანებით ის და ივანე (ვანო) თბილისის კათოლიკეთა მიძინების ეკლესიის წინამძღვარმა ალფონსო ხითარიშვილმა დედაქალაქში წაიყვანა. ''...პატარაობიდანვე მთელს ჩვენს მრავალრიცხოვან ოჯახში და-ძმებს ბუნებითად მუსიკალური ნიჭი დაგვყვა. ეს, ჩემი აზრით, იმით უნდა აიხსნებოდეს, რომ როგორც კათოლიკენი, ხშირად მოსიარულენი ეკლესიაში, სადაც საეკლესიო ორგანის ნაზი ხმები სმენას ატკბობს და ანვითარებს, ჩვენც, და მომეტებულად მე და ჩემს უფროს ძმა ივანეს, რომელმაც პირველად თავის უმცროს და-ძმებს ჩაგვინერგა სიყვარული მუსიკისადმი, ერთთავად ეკლესიაში ვიმყოფებოდით და ნელ-ნელა, შეუმჩნევლად ჩვენი მუსიკალური სმენაც ვითარდებოდა'', - იგონებდა მოგვიანებით კომპოზიტორი. 2021 წელს, დიდი ქართველი კათოლიკეს ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 150 წლის იუბილეა, ამ თარიღს კათოლიკე ეკელსია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.



თაკო ფეიქრიშვილი
  • Sabamedia - საბამედია
  • YouTube - კანალი
  • Instagram
  • კათოლიკური ეკლესია
Время_1.png

გამოიწერეთ ახალი ჟურნალი "საბა"

  • sabamedia

© 2021 Sabamedia / საბამედია